რამდენად შესაძლებელია „კავკასიის შეერთებული შტატები“
ექსპერტთა შეფასებით, ერთიანი კავკასიის იდეის ავტორი დასავლეთია, რომელიც ამით მოსკოვის მიერ „ახალი ესენგეს“ შექმნას უპირისპირდება. ამის შესახებ წერს გაზეთი „რეზონანსი“.
საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს გეგმაზე, რომ კავკასიაში ერთიანი „კავკასიის შეერთებული შტატები“ შეიქმნას. ამის შესახებ ერევანში პარტია „ახალი დროების“ ლიდერმა არამ კარაპეტიანმა განაცხადა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ „რუსეთი ახალი ტიპის ესენგეს ჩამოყალიბების გეგმას ადგენს, რომელშიც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უნდა გაერთიანდეს. სხვა საკითხია, ესენგეს სხვა წევრები რამდენად დაეთანხმებიან ამ ტიპის ქვეყნების შეყვანას, მაგრამ გეგმა მუშავდება... გარდა ამისა, არსებობს მეორე გეგმა – რუსეთი ცდილობს, ბელარუსმა როგორმე აღიაროს ეს თვითგამოცხადებული რესპულიკები. მინსკის მხრიდან აღიარების შემთხვევაში კი ეს ორი „ქვეყანა“ ავტომატურად შევა რუსეთ-ბელარუსის უკვე არსებულ ერთიან კავშირში. შეიძლება ამიტომაც ჩქარობს დასავლეთი და კულუარებში ქმნის კონტრგეგმებს, რომლის გამოხმაურებაცაა ეს გამოჟონილი ინფორმაციაც“.
ხან საქართველოში და ხანაც სომხეთში დროდადრო აქტიურდება ერთიანი კავკასიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის იდეა. აზერბაიჯანში ამ კუთხით სრულ დუმილს ამჯობინებენ. მათ, ყარაბაღის გამო, ამგვარი იდეის არსებობაც კი მიუღებლად მიაჩნიათ. მსგავსი პრობლემა საქართველოს ორი აქვს, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ერთიანი კავკასიის ინიციატორადაც კი გვევლინება. „ვაცნობიერებთ იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი არ უნდა დარჩეს ისე, როგორც ეს დღესაა და აზრი არ აქვს, მოლაპარაკებები იმ ლოგიკით გაგრძელდეს, რაც დღემდე არსებობდა. საერთაშორისო პოლიტიკაში რაღაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ევროპის სივრცეში ამიერკავკასიის რესპუბლიკების ინტეგრაცია მოახდინოს, მათ შორის, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის. მათი მიზანია, რეგიონში შექმნან ერთიანი კავშირი, რომელსაც შეიძლება „კავკასიის შეერთებული შტატები“ ეწოდოს და რომლის დედაქალაქი თბილისი უნდა იყოს“, – აცხადებს კარაპეტიანი. იგი აღნიშნავს, რომ ამ პროგრამის განხორციელებისათვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. მისივე აზრით, „ერთიანი კავკასიის“ პროექტთან არის დაკავშირებული 7 აპრილს ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომლის თანახმადაც, ევროსაბჭო გეგმავს „შექმნას არაოფიციალური კონტაქტები ყოფილი საბჭოთა კავშირის არაღიარებული რესპუბლიკების საზოგადოებებთან, რომ ხელი შეუწყოს სამოქალაქო კულტურასა და დიალოგს, ისე, რომ შეინარჩუნოს ევროკავშირის მიერ მათი არაღიარების პოლიტიკა“. „აზერბაიჯანში არა, მაგრამ ერევანში პოლიტიკურ წრეებში ერთიანი კავკასიის შექმნის გეგმა დროდადრო განიხილება და ითვლება, რომ კავკასიის გაერთიანებამ შეიძლება კონფლიქტების მოგვარებას შეუწყოს ხელი“, – ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს არანაირად ხელს არ აძლევს, სომხეთის მოწონებული გეგმით მოხდეს ერთიანი კავკასიის შექმნა, სააკაშვილის ამ ფრაზისათვის არც მაშინ მიუქცევიათ ყურადღება და არც შემდეგ. „სომხეთისთვის კავკასიის გაერთიანება ყარაბაღის გამოა ხელსაყრელი. ბაქო კი არ შეურიგდება, რომ ყარაბაღი არ ჩაითვალოს მის ნაწილად. მეორეც – სამხრეთ კავკასიის ამ სამივე სახელმწიფოდან აზერბაიჯანი ეკონომიკურად ყველაზე ძლიერია და მის პოტენციალს არაფერი ემუქრება. რაში სჭირდება ეკონომიკური დონორის როლის თამაში დანარჩენი ორისათვის?! მესამეც – წმინდა პოლიტიკური საკითხები იმდენად ბუნდოვანია... როგორი იქნება მართვა, დედაქალაქის თემა დ ა.შ. ბუნებრივია, არცერთ სახელმწიფოს დათმობა არ მოუნდება. ეს წინადადება, სხვა რომ არაფერი, იმდენად დაუმუშავებელია, რომ მიუღებელი იქნება აზერბაიჯანისთვისაც, საქართველოსა და სომხეთისთვისაც. ყარაბაღის მსგავსად, არც ჩვენთვის არის მისაღები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესვლა იმ სტატუსით, როგორადაც ისინი საკუთარ თავს მიიჩნევენ“, – აცხადებს საყვარელიძე.