სამართალი
სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება - გვაქვს მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

"ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, გაიმართება ამ თვეში და ამაზე არაერთი მინიშნება გააკეთა თავად ხელისუფლებამ და ჩვენ უკვე მოლოდინის რეჟიმში ვართ, მთელი ოპოზიციური სპექტრი. მოლოდინი რეალურად გვაქვს, რომ შედგება შეთანხმება, ორმხრივი კონსესუსის გზით მივაღწევთ შეთანხმებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

თებერვლამდე თუ მოხდა შეთანხმება, ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე, მაშინ ხელისუფლების მოლოდინი გამართლდება და შევალთ პარლამენტში.

ჩვენ მივედით რამდენიმე ალტერნატიული წინადადებით არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, პლებისციტთან დაკავშირებით, ახლა ნაბიჯებს ველოდებით ხელისუფლებისგან და შემდეგ რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილში მოხდება თანხვედრა და იმედი გვაქვს, რომ მოხდება შეთანხმება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის სამართლიანი არჩევნები და როგორ მივალთ ამ სამართლიან არჩევნებამდე ამაზე შესაძლებელია ორმხრივი კომპრომისი. არჩევნები 2022 წელი - ერთ-ერთი ვარიანტი იყო და ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, თუ ეს გახდება მსჯელობის საგანი - ვიმსჯელებთ, ჩამოვყალიბდებით, გავიგებთ ხელისუფლების პოზიციასაც და მერე შეგვიძლია ამაზე მსჯელობა. ჩვენ, ოპოზიციას არ დაგვიანონსებია აქციები, თუმცა დემოკრატიული პროცესი არ გამორიცხავს აქციებს, დემონსტრაციებს, მშვიდობიან მსვლელობებს და ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთ ინსტრუმენტი იმისდა მიხედვით, შეზღუდვები მოგვცემს თუ არა ამის საშუალებას", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.