პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე რუსეთთან მსო-ზე მოლაპარაკებების შესახებ

grigol_vashadzeდასავლელი პარტნიორები საქართველოზე არანაირ ზეწოლას არ ახდენენ, რათა მან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრებაზე მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიცია შეარბილოს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსულ ჟურნალ „ოგონიოკთან“ ინტერვიუში, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა.

„ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ ერთხელ გვითხრეს, რომ სანამ საქართველო რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, გახსოვდეთ, რუსეთის შესვლა მსო-ში მთელ მსოფლიო ეკონომიკას მოუტანს სარგებელს“, – განაცხადა ვაშაძემ ინტერვიუში.

რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ბერნში 28-29 აპრილს გაიმართება.

„ჩვენ ბერნში მოლაპარაკებებზე იმისთვის კი არ დავდივართ, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრება დავბლოკოთ. ჩვენ იქ დავდივართ იმიტომ, რომ რუსეთის დელეგაციასთან ერთად ურთიერთმისაღები გამოსავალი ვიპოვოთ იმ იურიდიული კოშმარიდან, რომელიც მოსკოვმა შექმნა თავისი დაუფიქრებელი, ნაჩქარევი, ემოციური და სულელური გადაწყვეტილებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე“, – განაცხადა მან.

ვაშაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ თბილისი ვაჭრობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც მსო-ს წესებით რეგულირდება.

„ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დავდებთ რაიმე პოლიტიკურ, სამხედრო და სხვა თემებს, რომლებიც საქმესთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ვაშაძემ.