პოლიტიკა
გიორგი გახარია - ქვეყნის წარმატების გარანტია იქნება პანდემიის დამარცხება და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს ქვეყანაში არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად ვაკეთოთ 20 ათასი ტესტი, მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია და მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, არა მხოლოდ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვს, არამედ ყველას, მარტივი სიმპტომების პირობებშიც კი, მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ, რათა გადავაზღვიოთ როგორც ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე მივეხმაროთ ქვეყანას, მზად იყოს სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ცალკე აღებული ვერ დაამარცხებს პანდემიას, ვინაიდან ეს არის გლობალური გამოწვევა, თუმცა აუცილებელია ეკონომიკურ კრიზისზე ერთობლივი გამარჯვებაც.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ელემენტი - მარტივი წესების შესრულება, უნდა ვატაროთ პირბადე მაქსიმალურად ყველგან, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. განსაკუთრებით რეგიონებში, მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ; ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და მაღალი რისკის მატარებელ ადამიანებს, ეს არის ჩვენი ყველას მიზანი. საბოლოო ჯამში პანდემიაზე გამარჯვება ცალკე აღებული ვერ იქნება ქვეყნის წარმატების გარანტია. ქვეყნის წარმატების გარანტია იქნება პანდემიის დამარცხება და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პანდემია ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ქვეყნის ეკონომიკას და შევუნარჩუნოთ სწრაფი აღდგენის პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.