საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გარდაუვალია

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა აუცილებელია. მისი თქმით, მოქმედი ტარიფი, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან დადგინდა, უკვე დიდი ხანია, ვერ ანაზღაურებს ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით დრამატულად გაზრდილ ხარჯებს.

„უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის პირველი იანვრიდან სამი წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია, ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფისა და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი, თუმცა საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე“, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, მისი თქმით, უპირველესად ხაზგასასმელია, რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად.

„ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, მეტიც – მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატური დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკის ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის წინაშე დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი უპირველეს ყოვლისა, აბონენტის ინტერესები დაზიანდება.

რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ. ბოლო კვირეებია, გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს, გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია“, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.