აქტუალური
2020 წლის პირველი დეკემბრიდან საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელება იგეგმება

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. 2020 წლის პირველი დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში, საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება, ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს, საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 270 მილიონ ლარს.

ამასთან, ცვლილებებით, 2020 წლის პირველი დეკემბრიდან მომდევნო ექვსი კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს კომპანიებს, თავიდან აირიდონ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მათ ფინანსურ მდგომარეობას“, – აღნიშნულია პროექტში.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, ასევე სასტუმროები, რესტორნები.

აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 10 00-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში შეადგენს 45 მილიონ ლარს“, – ნათქვამია პროექტში.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები დავით სონღულაშვილი, ბექა ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და მარიამ ქვრივიშვილი. ინიციატორები კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.