საზოგადოება
ჯანმო-ს რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ვიზიტი საქართველოში დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, 18-22 დეკემბერს, იგი საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

22 დეკემბერს, თავისი ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს, კლუგე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მასთან რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის, სიმსივნის შემცირების საჭიროება და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გადანაწილების სტრატეგია.

იმავე დღეს, კლუგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, რის შესახებაც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ოფისმა Twitter-ზე დაწერა, რომ სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თანაშობს ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საკითხებში.

ერთი დღით ადრე, კლუგე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა და პანდემიასთან ბრძოლაში კლინიკური სასტუმროებისა და ონლაინ კლინიკის როლი განიხილა. გახარიას პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ლუგარის ლაბორატორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეებზე.

იმავე დღეს იგი დაავებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს ესტუმრა. ჰანს კლუგემ ლუგარის კვლევითი ცენტრი დაათვალიერა და ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მან ასევე მოისმინა ინფორმაცია ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, კონტაქტების მიდევნების, ტესტირების სტრატეგიისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კლუგემ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მისი ლუგარის ცენტრის მუშაობას მაღალი შეფასება მისცა და „Center of Excellence“ უწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა ცენტრის წარმატებულ საქმიანობას თამბაქოს კონტროლისა და C ჰეპატიტზე სკრინინგის მოცვის მიმართულებით.

19 დეკემბერს, ჰანს კლუგე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა Covid-19-ის პანდემიის დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის ამჟამინდელი სტატუსის განხილვას და „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და პერსპექტივებს“.

იმავე დღეს, კლუგე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრა, სადაც ცხელი ხაზის მუშაობის პროცესს გაეცნო.

18 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს ქვეყნის მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით გატარებული ღონისძიებები, მათ შორის, „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ გააცნო, რომელიც დისტანციურად, პაციენტების მეთვალყურეობის სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს განახორციელებს.

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმის განხილვისას, ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეგიონული დირექტორის ვიზიტი მნიშვნელოვანია პროცესში კომუნიკაციისა და დაგეგმვის გასაძლიერებლად.

Civil.ge