პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ოპოზიციის შემზღუდავ კანონპროექტს გადახედავს

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. 23 დეკემბერს ტელეკომპანოა „ფორმულა“-სთან ინტერვიუში, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს მის მიერვე ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსებისა და საეთერო დროის შეჩერებას ითვალისწინებს.

„არ ვეთანხმები არცერთ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას აფერხებს ან ზღუდავს ოპოზიციური პარტიების წვდომას მედიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებსა და საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ, რომ საჭიროა მათი ლიდერები ანგარიშვალდებულნი იყვნენ მათ წინაშე, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული არჩევნის გაკეთება“, – განაცხადა დეგნანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „რაც ახლა, ქართული 30-წლიანი დემოკრატიის კონტექსტში უნდა ხდებოდეს, არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი განვითარებული ოპოზიცია, ისევე როგორც პასუხისმგებლიანი და ეფექტური მმართველი პარტია“.

დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ „გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება“ იმ ფონზე, როდესაც ამომრჩევლებმა ცხრა პარტია აირჩიეს და „პარლამენტში მრავალფეროვან წარმომადგენლობას“ ელოდნენ.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა და მას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები დაესწრნენ. რვა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი მის შედეგებს არ ცნობენ და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რასაც ქართული ოცნება არ ეთანხმება.

არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა. დიალოგის მეხუთე რაუნდი, რომელიც ბოლო რაუნდად მიიჩნეოდა, ჯერ არ გამართულა.