აქტუალური
იან კელი – რატომ სურს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის მხარდაჭერა, რითაც რუსეთსა და ირანს რეგიონის საქმეებში ჩარევის უფლება მიეცემათ?

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას კავკასიის პლატფორმასთან დაკავშირებით. იან კელი პრეზიდენტის 21 დეკემბრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ელჩების კონფერენცია 2020-ის გახსნაზე გააკეთა.

"ეს "მშვიდობის აღდგენა" ხდება რუსი სამხედროების გამოყენებით. რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის მხარდაჭერა, როცა ამ გზით რუსეთსა და ირანს შიდარეგიონულ საქმიანობაში ჩარევის უფლება მიეცემათ?", — წერს იან კელი.

21 დეკემბერს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კავკასიური პლატფორმის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისივე თქმით, რეგიონში მშვიდობის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული — მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა — ჩვენ გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", — აღნიშნა პრეზიდენტმა.

კავკასიური მშვიდობის პლატფორმის აუცილებლობაზე სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, 11 დეკემბერსაც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, კავკასიური მშვიდობის პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას; გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს; შეასრულებს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი.

თავის ინიციატივაში სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, როგორ წარმოუდგენია ამ პლატფორმის შექმნა და რომელი ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ იქ.

გარდა ამისა, 10 დეკემბერს სამხრეთ კავკასიაში პლატფორმის ჩამოყალიბების ინიციატივა გააჟღერა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯე აიფ ერდოღანმაც. თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა "ექვსეულის პლატფორმა" შეიქმნას, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე იქნება მიმართული. ერდოღანის განცხადებით, ამ ერთობაში უნდა გაწევრიანდნენ აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სომხეთი, მათი სურვილის შემთხვევაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში On.ge-ს განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა.

"პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი", — აღნიშნულია ადმინისტაციის წერილობით პასუხში.

წყარო: on.ge