საზოგადოება
ვირტუალური მადლი

Tibisii„თი ბი სი“ ბანკისგან ამ დღეებში ბევრ პატიოსან გადამხდელს მოუვიდა შემდეგი შინაარსის მესიჯი: „როგორც საუკეთესო საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტს, თქვენ გაგეზარდათ ლიმიტი განვადების ბარათზე ... ლარით. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ 27 27 27.“

ერთ-ერთი ასეთი მომხმარებელი საქინფორმს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ეს თანხა მართლაც საუკეთესო საჩუქარი იყო სააღდგომო დღეებში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სატელეფონო მესიჯი ჰაერში გაფანტული მადლია, რადგან ყველასგან მოულოდნელად ოფიციალურად დასვენების დღედ ხუთშაბათის გამოცხადება ყველა სახელმწიფო დაწესებულებას, მათ შორის, კომერციულ ბანკებსაც შეეხო, რამდენიმე მორიგე სერვისცენტრის გამოკლებით, რომლებიც განსაზღვრული ოპერაციის შესრულების გარდა, საკრედიტო მომსახურებებს არ ახორციელებდნენ.

საქინფორმი „თი ბი სის“ „გუდვილში“ განთავსებულ მორიგე სერვისცენტრს დაუკავშირდა, სადაც უძლურნი აღმოჩნდნენ, დახმარება გაეწიათ მომხმარებლისთვის. როგორც ოპერატორმა განაცხადა, ბარათზე თანხა ნამდვილად დარიცხულია, თუმცა მისი გააქტიურება დასვენების დღეების გავლამდე – სამშაბათამდე, სავარაუდოდ, შეუძლებელია.

მიუხედავად საქინფორმის მცდელობისა, 27 27 27-ს დაკავშირებოდა (მათ შორის, ზემოაღნიშნული სერვისცენტრის ოპერატორის დახმარებითაც), მთელი დღის განმავლობაში ვერაფრით მოხერხდა. როგორც ჩანს, მრავალი გაწბილებული მომხმარებელი რეკავდა ინფორმაციის მისაღებად და ხაზი გადატვირთული იყო.

არც ის იფიქროს ვინმემ, რომ მსგავსი „საჩუქარი“ ბანკების კეთილი ნებაა. რამდენიმე წლის წინათ ასეთი საჩუქრებით ბანკში შეტყუებული კლიენტი დღეს უზარმაზარ საპროცენტო კაბალაშია მოქცეული. კრედიტის გაცემის გამკაცრების ფონზე ისევ პატიოსანი გადამხდელი „წაახალისეს“. ეს ხანდახან მომხმარებლისთვისაც გამონათებაა, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ საკრედიტო ბარათებს ბანკების კლიენტები თვიდან თვემდე თავის გასატანად უფრო იყენებენ, ვიდრე ძვირადღირებული ნივთის შესაძენად. მართალია, ამ სააღდგომო მადლს მარილად ბანკები პროცენტებს უხვად აყრიან, ხანდახან იმდენს, რომ ძალიანაც გადაამლაშებენ ხოლმე, მაგრამ, ქართველის თქმისა არ იყოს – „დღევანდელი კვერცხი მირჩევნია...“

კი ურჩევნია, მაგრამ, მადლი მადლად – სამშაბათის მერე რაღად უნდა...

დარჩა სააღდგომოდ უკვერცხოდ ვირტუალურად დასაჩუქრებული მომხმარებელი.