საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, სერგეი შამბამ, რომელიც ამჟამად რეგიონის „უშიშროების საბჭოს“ ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისთან დიალოგის მოწოდებები და აღნიშნა, რომ „როდესაც არსებობს კონფლიქტი, უნდა ისაუბრო“.
„ეხო კავკაზა“-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 18 დეკემბერს გამოქვეყნდა, შამბამ სოხუმსა და თბილისს შორის ჩიხში შესულ ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ „საკმარისი დრო გავიდა“ 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ წარმოშობილ პრობლემებზე საუბრის დასაწყებად.
„ჯერ არ ვიცით საქართველოს რა რეაგირება ექნება, უბრალოდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, საუბრისთვის და მიგვაჩნია, რომ დღეს ჩვენი ურთიერთობისთვის ერთადერთი შესაძლო გზა დიპლომატიაა“, – განაცხადა შამბამ.
„გასაგებია, რომ ჩვენი ძირეული ინტერესებიდან უკან არ დავიხევთ. ცალსახააა, რომ ისინიც არ აპირებენ საკუთარი ინტერესებიდან უკან დახევას. მაგრამ ამ უკიდურესობებს შორის ყოველთვის არსებობს საკითხები, რომლებზეც კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია“, – აღნიშნა შამბამ.
„აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის“ ახალ კონცეფციაში თბილისთან დიალოგის შეტანის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების კრიტიკის საპასუხოდ, შამბამ განაცხადა, რომ ამგვარი დიალოგი აფხაზეთისთვის სახიფათოდ არ მიაჩნია. შამბას თქმით, საფრთხე არა თავად დიალოგიდან, არამედ მისი არარსებობიდან გამომდინარეობს.
„დიპლომატია ვერ იქნება რაიმე საფრთხის მატარებელი. თუ ვინმე შიშობს, რომ აფხაზური მხარე მოლაპარაკებების გზით რაიმე პრინციპულ პოზიციებს დათმობს, ამ კონცეფციაში სწორედ ის წერია, რომ საქართველოსთან დიალოგი მხოლოდ ურთიერთაღიარებას შეიძლება დაეფუძნოს“, – განაცხადა შამბამ.
მისივე თქმით, მას არ მიაჩნია, რომ საზოგადოების უმეტესობა ამ დიალოგის წინააღმდეგია, ვინაიდან „ეს საკითხი არავის გამოუკვლევია“.
შამბამ ის თემებიც ჩამოთვალა, რომლებიც ამჟამად სოხუმსა და თბილისს შორის განიხილება, ასევე ის შესაძლო ნაბიჯები, რომლებზეც მხარეებს შეუძლიათ, რომ იმსჯელონ.
„არის საკითხები, რომლებიც დღეს ორმხრივ ფორმატში განიხილება. ეს არის ენგურჰესის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, ეს არის კონტრაბანდა, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს, ასევე, კრიმინალურ საქმიანობებთან დაკავშირებული საკითხები“, – აღნიშნა შამბამ.
დიალოგის პოტენციურ საკითხებზე ლაპარაკისას კი შამბამ თქვა, რომ სოხუმსა და თბილისს „შეუძლიათ დაიწყონ საუბარი სატრანსპორტო კომუნიკაციების – რკინიგზის, საჰაერო მიმოსვლის გახსნის თაობაზე“.
„როგორ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯები? პრეზიდენტების – არძინბასა და ბაღაფშის დროს, იყო პერიოდი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ინტენსიური კონტაქტები მყარდებოდა. ახლაც შესაძლებელია ამ დონეზე ანალოგიური დიალოგის გაგრძელება“, – განაცხადა შამბამ.
მან მთიანი ყარაბაღის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოუგვარებლობის მთავარი პრობლემა მონაწილე მხარეებს შორის „დიპლომატიის ნაკლებობა“ იყო. „საქართველოსთანაც ანალოგიური პრობლემა გვაქვს. ჩვენ გვაქვს მოუგვარებელი კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, – განაცხადა მან.
შამბამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მხოლოდ ერთი პლატფორმა „საკმარისი არ არის“. „მხარს ვუჭერ ბევრი საკომუნიკაციო არხის ქონას. ვერ დავკმაყოფილდებით იმით, რომ მოლაპარაკებების მხოლოდ ერთი არხი გვაქვს – ეს არის ჟენევის შეხვედრები. საჭიროა ახალი, დამატებითი არხების პოვნა“, – განაცხადა მან.
შამბას თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის აბაშიძე-კარასინის დიალოგი მოლაპარაკებების იმ ფორმატის მაგალითია, რომელმაც, შესაძლოა, სოხუმსა და თბილისს შორის მოლაპარაკებებშიც იმუშაოს.
Civil.ge