საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს.
გოჩა ლორთქიფანიძე 2012 წლის 19 ნოემბრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
გოჩა ლორთქიფანიძე 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაერო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.
1999-2003 წლებში მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად.
2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში კი, ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი იყო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო, რომელიც ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა.