პოლიტიკა
ბენ ჰოჯესი - მოსკოვს ტერიტორიული მიზნები აქვს რისი დასტურიც არის რუსეთის მიერ დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ოკუპაცია

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვს საკუთარი ტერიტორიული მიზნები აქვს შავ ზღვაში, რისი დასტურიც ყირიმში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი და რუსეთის მიერ დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ოკუპაციაა, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

ანალიტიკურ წერილში, რომელიც კვლევითი ინსტიტუტის, Foundation for Defense of Democracies (FDD) ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ჰოჯესი შავი ზღვის რეგიონში ნატო-სა და აშშ-ს მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ვაშინგტონმა შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტი უნდა გაზარდოს და შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც შავ ზღვას ევრაზიის გეოსტრატეგიული რუკის შუაში მოაქცევს.

ჰოჯესი ასევე აღნიშნავს, რომ ნატო-ს მხრიდან სამხედრო პოზიციების გაძლიერება საკმარისი არ არის. მისი თქმით, აშშ-მ უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერის უფრო მტკიცე სტრატეგია უნდა შეიმუშავოს. ამასთან, ამერიკის ხელმძღვანელობით, ნატო-მ საქართველოსთან აქტიურად უნდა ითანამშრომლოს არსებული ინიციატივების ფარგლებში, მათ შორის არის ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაცია.

გენერალ ჰოჯესის შეფასებით, 2014 წლიდან ნატო-მ აღმოსავლეთის ფლანგში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომელთა დიდი ნაწილი ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში განხორციელდა. ახლა კი დროა, ალიანსმა შავი ზღვის რეგიონის ხარვეზებს უპასუხოს.

თუ დემოკრატიულმა ქვეყნებმა ბოლო წლებში რაიმე ისწავლეს, არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ასეთ ხარვეზებს აგრესიისთვის მწვანე შუქად აღიქვამს“, – წერს ბენ ჰოჯესი.