პუბლიკაციები
ხიდირბეგიშვილი გახარიას ურჩევს, ნუ გაიმეორებს გამყრელიძის დაუფიქრებელ განცხადებებს და აკრძალოს COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობის გამოცხადება

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. "ახალ წელს თავი შეიკავეთ დიდი სუფრებისგან!" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ერთი კვირის წინ და გუშინ მისი სიტყვები გიორგი გახარიამ გაიმეორა, რასთან დაკავშირებითაც მინდა ჩვენს პრემიერ–მინისტრს ორიოდე კეთილი რჩევა მივცე.

ბატონო გიორგი!

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ისედაც არ აქვს ფული დიდი სუფრებისთვის, ისინი ახალ წელს ძალიან მოკრძალებულად, ოჯახის ვიწრო წრეში შეხვდებიან. ხოლო მდიდრები თქვენს ნათქვამს ყურად არ იღებენ და მაინც დიდ სუფრებს გაშლიან, რადგან მათთვის კანონი არ კანონობს.

მაშ, ვისთვის არის გათვალისწინებული თქვენი რჩევა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას მხოლოდ გააღიზიანებს? რომელთაგან ბევრს ორშაბათიდან კიდევ უფრო გაძვირებული ქართული პურის შეძენა არ შეძლია?!

ბატონო გიორგი!

ხალხი უკვე ყურადღებას აღარ აქცევს იმას, რასაც ტელევიზორში ამბობენ ბატონები გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე და კიდევ რამდენიმე მუდმივი კორონა–სპიკერი. საქართველოში ვერავინ გაარკვია, რომელი მათგანია ინფექციონისტი, ვინ – ექიმი, ვინ –ლუგარის ლაბორატორიის დირექტორი და ვინ – ცენტრის დირექტორი, რომელმაც თითქოსდა უნდა აკონტროლოს დაავადებები. უკვე ერთი წელია, რაც მათი პროგნოზები, რომლებიც, ჩვეულებრივ, განსხვავდება ერთმანეთისგან, არასოდეს მართლდება - არც მაშინ, როდესაც ისინი ზღვა კუბოებით გვაშინებენ და არც მაშინ, როცა გვამშვიდებენ - აქაოდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის წყალობით ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთო და ა.შ.

თუმცა, ბატონო გიორგი, საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქეები პატივს გცემენ და გისმენენ. მაშ, რატომ უნდა იფიქრონ, რომ მათმა პრემიერმინისტრმა არ იცის, ოგორ უჭირთ ცხოვრება და რომ დიდი ხანია დიდი სუფრების მოწყობის შესაძლებლობა წაერთვათ? ამიტომ, თქვენსავე ინტერესებშია, არ გაიმეოროთ ვიწრო სპეციალისტთა დაუფიქრებელი რჩევები, რისთვისაც მათ, რატომღაც, მთავრობის ადმინისტრაციაში პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილი, ღერბიანი ტრიბუნა დაუთმეს.

ბატონო გიორგი!

მითხარით, გეთაყვა, რა მიზნით გვიცხადებენ ჩვენ, მოსახლეობას, ყოველდღიურად საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ? თუ რაოდენობა იზრდება, ეს პანიკას და ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით ბრალდებებს იწვევს (ხშირად – არცთუ უსაფუძვლოდ), ხოლო თუ მცირდება, მაშინ ჩვენი ხალხი დუნდება სრულებით უსაფუძვლოდ, რაც კიდევ უფრო უარესია!

და კიდევ - რა მიზნით გვატყობინებენ დეტალებწამლებისა და ვაქცინების შესახებ და შემდეგ ყოველდღე ცვლიან ნათქვამს? თავიდან ვაქცინა მარტი-აპრილში უნდა შემოსულიყო, ახლა კი, როგორც გვითხრეს, სადაცაა შემოიტანენ და მის გასანაწილებლად რაღაც კომისიაც შეიქმნა. თავიდან საერთოდ არ აპირებდნენ "რემდესვირის" შეძენას, გუშინ კი უკვე ასიათასობით შემოიტანეს. და ვიმისცემენ მას, აქაოდა, ამას ბატონი ცერცვაძე გადაწყვეტს, რომელიც, სხვათა შორის, ნიღაბს არასოდეს ატარებს.

რატომ ეცნობება მოსახლეობას ასეთი დეტალები?! და ავადმყოფთა ნათესავებმა რომ ამ მოხუცთან რეკვა და სახლთან ჩასაფრება დაიწყონ?! ვინ აგებს პასუხს, მას რომ რამე დაემართოს?! ალბათ ის, ვინც გუშინ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს დაუფიქრებლად მისცა...

პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი