საზოგადოება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება შეიტანეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე, რადგან მან არ დატოვა პარლამენტში პოლიტიკის კეთების სივრცე.

„ის, რომ „ქართული ოცნება“ არ ელაპარაკება ერთ მილიონზე მეტ ამომრჩეველს, იმაზე მეტს, ვიდრე მას დაუჭირა მხარი. ეს არის ძალიან მძიმე ვითარება ქვეყანაში. ყოველთვის იყო ხალხისგან დაკვეთა, რომ პოლიტიკოსებმა ერთხელ მაინც უარი თქვან თავიან კეთილდღეობაზე. დიახ, ჩვენ ამ ნაბიჯით უარი ვთქვით საკუთარ კეთილდღეობაზე იმ იმედით, რომ „ქართული ოცნება“ იმავე ნაბიჯს გადადგამს, არა იმისთვის, რომ ჩვენ გვჭირდება ეს, არამედ იმისთვის, რომ საქართველოს სჭირდება შეთანხმება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ოთხი საპარლამენტო მანდატი აქვს.

გუშინ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით ასევე მიმართეს საარჩევნო ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების: „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა, ასევე „ევროპული საქართველოსა“ და „ლელოს“ წევრებმა.

ამასთან, პარლამენტს განცხადებით ორი დღის წინ მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავთ „მოქალაქეების“, „გირჩისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს.