აქტუალური
„ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს.

როგორც, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილების გარდა ოპოზიციას სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი.

“სერიოზული დარტყმა არის ჩემთვის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ” საქართველო. მაშინ როცა გართმევენ არჩევანს, მაშინ როცა საშუალება აღარ არის, რომ ამ ქვეყანამ განვითარება ჰპოვოს არჩევნების სახით, ამ დროს ამ გადაწყვეტილების გარდა სხვა გზა აღარ გრჩება ადამიანს. ეს არის ჭეშმარიტი, სწორი გადაწყვეტილება ოპოზიციისა, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ მე მინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და ეს ქვეყანა წავიდეს წინ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჩააგდო ამ მდგომარეობაში”, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ამასთან, “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ერთი კაცის, ერთპარტიული დიქტატურა არ უნდა გაფორმდეს.

“კეთილგონიერება მკარნახობს, რომ ახლა საქართველოსთვის არის ისტორიული მომენტი როცა ჩვენ ან უნდა დავადასტუროთ, რომ საქართველოს აქვს სამართლიანი, დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივა ან ხელი უნდა მოვაწეროთ მის დასამარებას. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” , მერე რა რომ თქვენ შეხვედით პარლამენტში, თქვენ შეგიძლიათ ახლა თუნდაც დღეს ან ხვალ დაიკავოთ სწორი პოზიცია და მხარი დაუჭიროთ იმას, რომ საქართველოს მომავალი იყოს წელგამართული, რასაც განაპირობებს სიმართლე. სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოში ერთი კაცის, ერთპარტიული დიქტატურა არ უნდა გაფორმდეს”, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.