პოლიტიკა
გიგა ბოკერია: „საქართველო-ნატოს კავშირებზე მოსკოვის გაღიზიანება ბუნებრივია“

bokeria_gigaმოსკოვის „გაღიზიანება“ საქართველოს ნატოსთან ახლო კავშირებზე „ბუნებრივია“, რადგან, „სამწუხაროდ“, ჯერ კიდევ არ შეცვლილა „მოსკოვის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ფუნდამენტური მიდგომა საქართველოს, ისევე, როგორც მეზობლების, მათი სუვერენიტეტისა და თავისუფლების მიმართ“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.

„სანამ ეს, სამწუხაროდ, ასეა, ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველო გადადგამს იმ მიმართულებით, რომ იყოს უფრო დაახლოებული ევროატლანტიკურ სივრცესთან, იყოს უფრო დაცული, გამოიწვევს გაღიზიანებას, – განაცხადა მან და დასძინა, – ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება“.

მისი თქმით, მოსკოვი „ჯერჯერობით“ ინარჩუნებს „აბსოლუტურად არალეგიტიმურ პოზიციას“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს „დეოკუპაციის“ მიმართ, რის „დემონსტრირებაც მოახდინეს ამ ბოლო განცხადებით“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 აპრილს განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება შეიცავს „ტენდენციური, რეალობიდან მოწყვეტილი ფორმულირებების ჩვეულ კრებულს“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. კონკრეტულად კი, რუსეთის საგარეო უწყება აკრიტიკებს განცხადების იმ ნაწილს, რომელიც მოუწოდებს მოსკოვს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვმა შეასრულა ამ შეთანხმებების „ერთადერთი სადავო საკითხი“, როცა გასულ ოქტომბერში სოფელ პერევიდან ომის შემდეგ განთავსებული საგუშაგო გაიყვანა.