აქტუალური
გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა 14 დეკემბერს თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც იგი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ვერ გახდა.

წერეთელმა განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარეობა სხვადასხვა გლობალური კრიზისების, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე დასრულდა. „მოგიწოდებთ, განაგრძოთ თავდაუზოგავი მუშაობა ჩვენი დაუსრულებელი დღის წესრიგის საკითხებზე და უზრუნველყოთ ეუთოს ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა“, – მიმართა წერეთელმა ასამბლეას.

აღნიშნულ თანამდებობაზე გიგი წერეთელს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი პიტერ ლორდ ბაუნესი ჩაანაცვლებს. „მინდა, მადლობა გადავუხადო გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოსადმი ერთგულებისთვის. მან უსაზღვრო დრო დაუთმო ჩვენ საქმეებზე მუშაობას“, – განაცხადა მან.

1999 წელს პირველად არჩევის შემდეგ, გიგი წერეთელი, რომელიც ამჟამად ევროპული საქართველოს წევრია, ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2017 წელს იგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს, ხოლო 2018 და 2019 წლებში, იგი უკვე პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა, ორჯერ აირჩიეს.