„ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის წინასამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება, ხოლო თავად 650 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყება 2012 წელს იგეგმება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 21 აპრილს.
როგორც მთავრობის სხდომაზე საუბრისას გილაურმა აღნიშნა, ხუდონჰესის მშენებლობის კონტრაქტს „ინდურ კომპანიასთან“ მომდევნო დღეებში მოეწერება ხელი.
პრემიერ-მინისტრმა მოიხსენია კომპანია „Continental Energy“, თუმცა 21 აპრილის მთავრობის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მთავრობის წევრებმა განიხილეს „Trans Electrica LTd“-თან კონტრაქტის ხელმოწერის შესახებ მთავრობის განკარგულება.„Trans Electrica LTd“, მის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, არის „კომპანია, რომელიც ცნობილი არარეზიდენტი ინდოელებისა და ადგილობრივი ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნდა და რომელიც საქართველოში არსებული ჰიდროენერგორესურსების ათვისებას ისახავს მიზნად“ ხუდონჰესის პროექტზე ფოკუსირებით.
მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო, თუმცა 80-იანი წლების ბოლოს ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო მშენებლობა შეწყდა.
ხუდონჰესისთვის დაახლოებით 200 მეტრის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობას სოფელ ხაიშის დატბორვა მოჰყვება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის გასახლებაა საჭირო.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიესალმა პროექტს და განაცხადა, რომ მას 1 მილიარდამდე აშშ დოლარის ინვესტიცია მოჰყვება.
ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ კონტრაქტორი კომპანია მშენებლობის ექვს წელიწადში დასრულებას ივალდებულებს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ჰიდროენერგეტიკას მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში 5 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვის პოტენციალი აქვს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში თავის ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ საქართველოს 2015 წლისთვის 17 ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნება.
საქართველოს მთავრობის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის თანახმად, რომელიც ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარებას ეხება, ყველაზე მიმზიდველ ვარიანტებად ნამახვანჰესის, ფარავანჰესისა და ხუდონჰესის მშენებლობა მიიჩნევა.
თუმცა გარემოსდამცველები სკეპტიკურად უყურებენ ხუდონჰესის პროექტს. გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი მანანა კოჭლაძე აცხადებს, რომ კაშხლის მშენებლობამ შესაძლოა, სვანეთის კლიმატს საფრთხე შეუქმნას. სწორედ ამ რეგიონის გადაქცევას გეგმავს ხელისუფლება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად.
მსოფლიო ბანკის თანახმად, მიკროკლიმატზე კაშხლის მშენებლობის ზემოქმედებას „ძალზე ლოკალიზებული ხასიათი“ ექნება.