საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. მინდა შევახსენო ყველას, რომ პროცესში ჩავერთე ყველა მხარის თხოვნით, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს კითხვას, პოლიტიკური პარტიების მიერ ელჩების კრიტიკასთან დაკავშირებით.
როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, საკუთარი ინიციატივით არასდროს იქნება ამ როლში, რადგან ეს ძალიან რთული როლია.
„როგორც ფასილიტატორები, ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობთ სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და ასევე მხარდაჭერას დიალოგის წინ წასაწევად. საბოლოო ჯამში კი, გადაწვეტილება პოლიტიკური ლიდერების მისაღებია. მეტი მიზანი არ გვამოძრავებს. მე დავრჩები ერთგული ამ როლის, ვიდრე მივიჩნევ, რომ პოლიტიკურ მხარეებს ჩემი როლი სასარგებლოდ მიაჩნიათ. როგორც კი დადგება მომენტი, როდესაც ჩავთვლი, რომ ჩემი როლი აფერხებს პროგრესს, მაშინ ჩემი მანდატი ამოიწურება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.