საზოგადოება
გერმანიის დელეგაცია ნატო-ში - საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაუჭირეს მხარი განახლებულ არსებით პაკეტს

 საქართველო,4 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნატო-ში გერმანიის დელეგაციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.

„ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატო-სთან თავსებადობა გააუმჯობესა. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაუჭირეს მხარი განახლებულ არსებით პაკეტს. გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვნული სამედიცინო კოორდინაციის ცენტრი სათავეში ჩაუდგება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას“, – ნათქვამია გერმანიის მისიის განცხადებაში.

დელეგაციის „ტვიტერის“ გვერდზე ასევე ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს უახლოესი და ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან.

„ჩვენ თქვენს პარტნიორობას ვაფასებთ“, – ნათქვამია „ტვიტერის“ გვერდზე, სადაც საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ფოტოა განთავსებული.

შეგახსნებთ, რომ გუშინ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილება მიიღეს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომაზე, რომელსაც ქართველი და უკრაინელი დიპლომატები დაესწრნენ, შავ ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილებოდა.