„საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დისკუსიებმა შედეგი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უნდა გამოიღოს, რათა დაინტერესებულ მხარეებს საკმარისი დრო ჰქონდეთ იმის გასააზრებლად, თუ როგორია წესები“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 20 აპრილს.
ამჟამად ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია. მიუხედავად ორივე მხარის განცხადებისა, რომ მოლაპარაკებების განახლების სურვილი აქვთ, ამ დიალოგის პერსპექტივები გაურკვეველი რჩება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბოლო აქტივობა ამ კუთხით 5 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც რვა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემაზე თავიანთი ახალი წინადადებები წარადგინა, რომელზეც მმართველ პარტიას ჯერ პასუხი არ გაუცია.
ჯონ ბასმა 20 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის მიერ 15 აპრილს ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გზით საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემის მნიშვნელობას ეხებოდა, „ჩვენს შეხედულებას ასახავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დემოკრატიის უფრო ფართო განვითარებას ხალხის გაღრმავებული ნდობა სჭირდება“ საარჩევნო სისტემის მიმართ.„სწორედ ახლა მნიშვნელოვანია, რომ არიან ადამიანები ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ, რამდენიმე აქტორი – მთავრობა, პარტიების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან, მომავალი წლის არჩევნებისთვის ახალი წესებით იმუშაონ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ დისკუსიებმა არჩევნებამდე ბევრად ადრე გამოიღოს შედეგი, რათა ყველამ გაიგოს წესები, ყველამ გაიგოს, რისთვის არის კონკურენცია პარლამენტის დაკომპლექტების თვალსაზრისით და რომ ყველას აქვს ეფექტური და სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა“, – განაცხადა ბასმა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს არის შეერთებული შტატების „ტრადიციული, ფუნდამენტური პოზიცია“ იმასთან დაკავშირებით, რომ „ხელისუფლების არჩევა უნდა მოხდეს დემოკრატიული გზით, გამოხატავდეს ხალხის ნებას და უნდა იყოს მშვიდობიანი“.
ამ კონტექსტში, მისი თქმით, „აუცილებელია“ ოპოზიციასთან თანამშრომლობა, „მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება ისე, იმ დოზით, რაც სასურველი იქნებოდა, რაც, ასევე, თავისუფალი საზოგადოების, დემოკრატიის ნაწილია, რომ ისინი [ხელისუფლება და ოპოზიცია] ვერ თანხმდებიან ზოგიერთ საკითხზე“.
აშშ-ის ელჩის თქმით, მას ხშირად ეკითხებიან, თუ „ვის უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნის ხალხს, რათა განსაზღვროთ თქვენი საკუთარი მომავალი დემოკრატიული ინსტიტუტების, საარჩევნო ყუთების საშუალებით და ღია, სამართლიანი, გამჭვირვალე, კონკურენტული პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის მეშვეობით“, – განაცხადა ბასმა.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს, რომ საქართველოს მოსახლეობას „ხელისუფლებისადმი მზარდი ნდობა ქონდეს“; მათთვის „ხელმისაწვდომი იყოს სანდო ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ქვეყნაში“; „უფრო მეტად კონკურენტული პოლიტიკური სისტემა“ და „უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იყოს საქართველოში, რომელიც ეფუძნება და ხელმძღვანელობს კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის პრინციპით“.
აშშ-ის ელჩი საუბრობდა პრეზენტაციაზე, რომლის ფარგლებშიც მან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი ის 90 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულების პროგრამები წარადგინა, რომლებიც აშშ-ის მიერ საქართველოში დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„ფუნდამენტური დემოკრატიული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მან.
გიგა ბოკერიამ, რომელიც, ასევე, ესწრებოდა პრეზენტაციას, განაცხადა, რომ მიუხედავად მრავალფეროვან ქართულ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული პოზიციებისა, ფართო კონსენსუსი არსებობს ,იმ ფუნდამენტური არჩევანის ურყევობაზე, რასაც ჰქვია საქართველოსა და ქართული საზოგადოების არჩევანი – გახდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, ღირსეული ქვეყანა და დაბრუნდეს იმ ოჯახში, რასაც თავისუფალი ქვეყნების ოჯახი, რასაც ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია“.
„ამ გზაზე, რაც ჩვენ გავიარეთ, მრავალი დაბრკოლება შეგვხვდა და დღესაც ვხედავთ მრავალ სერიოზულ დაბრკოლებას. ნაწილი ჩვენივე შეცდომების ბრალი იყო, ნაწილი მემკვიდრეობით გვერგო, თავსმოხვეული იყო და დღესაც ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ნაწილი ამ დაბრკოლებებისა... მაგრამ ამ დაბრკოლებების, ჩვენი შეცდომების, გამოცდილების ნაკლებობის გამო ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან“, – განაცხადა ბოკერიამ.
„რა თქმა უნდა, ამ გზას, რომელიც საქართველომ აირჩია და რა გზაზეც შეერთებული შტატები გვერდზე გვიდგას, საქართველო არასოდეს გადაუხვევს“, – აღნიშნა მან.
აშშ-ის დაფინანსებული „სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის“ პროგრამების პრეზენტაცია წინ უსწრებდა აშშ-საქართველოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დემოკრატიის მიმართულებით, რომელიც 27 აპრილს თბილისში გაიმართება როგორც იმ რეგულარული დიალოგის ნაწილი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მიმდინარეობს.