პოლიტიკა
ევროპის საბჭოს კომისარი თბილისში ვიზიტს აჯამებს

Thomas_Hammarbergევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ, როგორც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, „მკაცრი განაჩენებისა“ და „ძალიან ცოტა“ გამამართლებელი ვერდიქტის საკითხებს სისხლის სამართლის კოდექსის დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში განიხილავენ.

ოთხდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, თბილისში 20 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, მან განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს მიერ მალე სისხლის სამართლის ახალ კოდექსზე მუშაობის დაწყების თაობაზე, სადაც ზოგიერთ იმ საკითხზე იქნება ყურადღება გამახვილებული, რომელიც შეშფოთების წყაროს წარმოადგენს.

„ეს ის დადებითი პასუხებია, რომლებიც ხელისუფლებისგან მივიღე“, – განაცხადა მან.

ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის სხვადასხვა წყაროდან იღებდა ინფორმაციებს მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული წუხილების თაობაზე და ამიტომ საკითხის ადგილზე გასაცნობად საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

მისი თქმით, ამ კუთხით არსებული პრეტენზიები „საკმაოდ სერიოზულია“ და ისინი არასაჭირო წინასწარ დაკავებებს, მტკიცებულებათა გაყალბების ბრალდებებსა და პროფესიონალური გამოძიების ნაკლებობას ეხება.

„რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ბრალდებებია, რადგანაც თუ ეს მართალია, ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა სტანდარტებს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჰამარბერგმა.

კომისრის თქმით, მის ხელთ არსებული სხვა ჩივილები იმ საქმეების არასაკმარის გამოძიებას ეხება, რომლებიც 2007 წლის ნოემბერსა და 2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობას უკავშირდება.

„მთავრობის მხრიდან იყო აღიარება, რომ იმ დემონსტრაციებთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიება არ წარიმართა სასურველი გზით; ისინი ძალიან ნელა მიმდინარეობდა“, – განაცხადა ჰამარბერგმა.

ვიზიტის დროს ადამიანის უფლებათა კომისარი ხელისუფლების, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა. იგი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც ეწვია.

ჰამარბერგმა განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იგი მოხსენებას მოამზადებს, რომელიც ზაფხულში გამოქვეყნდება. მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად მოხსენება შეეხება „იმ პრაქტიკის გაუქმების საჭიროებას, რომელიც შერჩევითი სამართლის შთაბეჭდილებას ქმნის“.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოხსენებაში შევა, უკავშირდება იმ კონკრეტულ ზომებს, რომელთა განხორციელებაც საჭიროა, რათა მოგვარდეს პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების საკითხი ორ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით – 2007 წლის ნოემბრისა და 2009 წლის გაზაფხულის ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს“, – განაცხადა მან.