„ახალი მემარჯვენეების“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, წალენჯიხის საკრებულოს წევრ დავით ბელქანიას ინფორმაციით, წალენჯიხის მოსახლეობას დღემდე სრულად სასურსათო და ენერგოვაუჩერებით არ უსარგებლია.
„ვაუჩერები რაიონში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტს დაურიგდა. მართალია, მეორე ეტაპზე დანაკლისი ვაუჩერები გამოიგზავნა, თუმცა ისინი ფინანსურად ჯერ უზრუნველყოფილი არ არის და ფარატინა ქაღალდს წარმოადგენს. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ვაუჩერებით სარგებლობის საშუალება აღდგომამდე მაინც მიეცემათ“, – ნათქვამია ბელქანიას მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
მისივე თქმით, „მართალია, ადგილობრივი ენერგოკომპანია ჯერჯერობით არ ამწვავებს ვითარებას და ელექტროენერგიის მიწოდებას მოსახლეობის აღნიშნულ ნაწილს არ უწყვეტს, თუმცა, როდემდე გაგრძელდება არსებული მდგომარეობა, არავინ იცის“.„ეს გაზაფხული ძალიან მძიმე აღმოჩნდა რაიონის მოსახლეობისთვის – ზამთრის მარაგი, პრაქტიკულად, ყველას ამოეწურა, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ფული არ არის, ხელისუფლებას კი რაიმე ქმედითი ნაბიჯი მოსახლეობის დასახმარებლად ჯერ არ გადაუდგამს“, – დასძინა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
ამასთან, საქინფორმის ინფორმაციით, მსგავსი სურათია თითქმის ყველა რაიონში. მაგრამ ქუთაისს – მეორე დიდ ქალაქს საქართველოში და მის მმართველობას რა გაუჭირდა ისეთი, რომ ვაუჩერები დღემდე ასამოქმედებელია?
როგორც სააგენტო „საქინფორმს“ ქუთათურებმა აცნობეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს არც სასურსათო და არც ენერგოვაუჩერი არ მიუღია. ამის მიზეზად კი შესაბამის უწყებებში მოქალაქეებს გაურკვეველ რეგისტრაციას და ათასგვარი პროცედურის გავლას სთხოვენ. არადა, ვაუჩერის „განაღდებას“ თავისი „ვადა“ აქვს. მოსახლეობა შიშობს, რომ ამ ვადაში ვერ მოასწრებს მის აღებას, ხელისუფლებას კი „გაკეთებულ საქმეთა“ მაღალ პროცენტებში გამოსახვა ექნება სატრაბახო.