პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. შავი ზღვის რეგიონი ჩრდილოატალანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენს ორ ახლო მოკავშირესთან და ღირებულ პარტნიორთან, საქართველოსა და უკრაინასთან, ასევე, ნატო-სამ წევრ სახელმწიფოსთან – თურქეთთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან. ნატო ფართოდ არის წარმოდგენილი შავ ზღვის რეგიონში. ჩვენ გვყავს საზღვაო წარმომადგენლობა. სულ ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ წვრთნები, რომლებშიც მოკავშირეთა გემები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე.

ჩვენ უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში, რადგან ვნახეთ, რომ რუსეთმა შელახა ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რუსეთმა მოახდინა ყირიმის არალეგალური ანექსია და რუსეთის ჯარი წარმოდგენილია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული საქართველოს ნაწილად. ჩვენ საქართველოსა და უკრაინას ვუწევთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მაინც აგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას, სულ მცირე ყირიმში მაინც და ამიტომ ნატო-უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა რეგიონში. ამ საკითხზე გვექნება საუბარი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ოთხშაბათს“, – განცხადა ალიანსის გენერლაურმა მდივანმა.