პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია, მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. არ დავიწყებ სპეკულაციებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თარიღზე, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

ნატო-ს 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანა არის ნატო-პოლიტიკური ალიანსის გაძლიერებაა. ეს კი თავისთავად მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცებას. მათ შორის, საქართველოსთან. საქართველო ნატო-ღირებული პარტნიორია და ამ პარტნიორობის შედეგად ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ეს პარტნიორობა კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კარგია ნატო-სთვისაც, რადგან საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-მისიებსა და ოპერაციებში. ეს განსაკუთრებით ეხება ავღანეთის მისიას, რომელშიც დიდი რაოდენობით ქართველი სამხედრო უკვე წლებია მონაწილეობს. ალიანსი საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს შავ ზღვაში. ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ახლა ერთად უფრო მეტს ვაკეთებთ საზღვაო სფეროში. მათ შორის, სანაპირო დაცვის სამსახურს ვწვრთნით, ვუზიარებთ ერთმანეთს საჰაერო სივრცეში გადაადგილების მონაცემებს და ერთად ვპასუხობთ ჰიბრიდულ გამოწვევებს. ასევე, ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ შავ ზღვაში. მე არ დავიწყებ სპეკულაციებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თარიღზე, თუმცა ვიტყვი, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. მე მჯერა, რომ საქართველოსთვის ალიანსთან დასაახლოებლად საუკეთესო გზად რჩება რეფორმების იმპლემენტაცია, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაცია და ნატო-მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. ვგულისხმობ ნატო-ტრეინინგცენტრს თბილისთან ახლოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება, განიხილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები და საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა.

ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ შეხვედრაზე ასევე განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დამატებით შეუძლია რუსეთის სამხედრო გააქტიურების საპასუხოდ და შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის შესანარჩუნებლად.