საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შემზღუდველი ღონისძიებები არ გამკაცრდება, შესაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს.
ამასთან, გამყრელიძე ფიქრობს, რომ შეზღუდვების გაფართოებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტთან. აღნიშნული ინსტიტუტი ყოველკვირეულ განახლებებს აკეთებს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ევროპის და რადგან ჩვენ ვართ ძალიან ახლო პარტნიორები, ასევე საქართველოსაც გვიკეთებს პროგნოზირებას. მათი გათვლების მიხედვით, სწორედ დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით. პროგნოზის მიხედვით, დეკემბრის პირველ კვირაში გვექნება შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული, თუ არ შემოვიღეთ და არ გავამკაცრეთ შემზღუდველი ღონისძიებები, შესაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს.
ბევრ სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ეს ინსტიტუტი ციფრებს შემდეგ ამოწმებს რამდენიმე დიდ ინსტიტუციასთან. ამ კვლევების მიხედვით, აუცილებელია, გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციებისა და დავამატოთ, გავაფართოოთ ეგრეთ წოდებული წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მეტად მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე, ვფიქრობ, ხვალაც გაგრძელდება და უახლოესი ორი დღის განმავლობაში საკორდინაციო საბჭო შესაბამის გდაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.