ზუგდიდში ხელისუფლებასა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს
როგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებასა და გარემოვაჭრეებს შორის დაპირისპირებას ინციდენტის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. ცენტრალური სუპერმარკეტის (ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის) მიმდებარე ტერიტორიის გარემოვაჭრეებისაგან გათავისუფლება სირთულეებთანაა დაკავშირებული. რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს ეს პროცესი შეხლა-შემოხლისა და ცემა-ტყეპის თანხლებით. გარემოვაჭრეებს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი შუახნის მამაკაცი გამოექომაგა და დანით ხელში პოლიციელებს დაემუქრა. სწორედ მისი განიარაღების დროს ფეხში დაიჭრა პოლიციელი დავით ხუნწარია, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ყოფნას, შეიძლება ითქვას, ხელისუფლება არეგულირებს; როცა თავად სურთ, ანუ, როცა მათი ხმები სჭირდებათ, ვაჭრობის ნებას რთავენ, როცა არ უნდათ, აყრიან ხოლმე. ეს პროცესი ასე გრძელდება უკვე რამდენიმე წელია და როდის დასრულდება, ჯერჯერობით დაუდგენელია.