სამართალი
საქართველოში მოქრთამვის ბრალდებით გასამართლებული ორი ებრაელი ბიზნესმენის – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის ოჯახები რამდენიმე დღეში პრეზიდენტ სააკაშვილს მათი შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ 19 აპრილს განაცხადა ბიზნესმენების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.
„ასეთი განცხადება შევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ეს არის ფუქსისა და ფრენკიელის ოჯახების წევრთა განცხადება საქართველოს პრეზიდენტისადმი, სადაც ისინი მსჯავრდებულთა ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვენ შეწყალებას, – განაცხადა კბილაშვილმა, – ამის შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ასეთი განცხადება და ასეთი თხოვნა იქნება თუ არა მის მიერ შესმენილი“.მისი ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაკავებულები ციხეში მოინახულა და მალე გათავისუფლება უსურვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 აპრილს ისრაელის მოქალაქეები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკიელი დამნაშავედ ცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში და ფუქსს – შვიდწლიანი პატიმრობა, ხოლო ფრენკიელს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.