აქტუალური
გრიგოლ ვაშაძე - ვინც ფიქრობს, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, არიან რუსეთის გავლენის აგენტები

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ჩემი 45 წლის გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ადამიანები, რომელიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები; ძალიან ნიშნავს, რადგან შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რადგან იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენს რეგიონშია, მან მონახა საშუალება, ჩამოვიდეს. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს, ისევე როგორც ევროპის კავშირში, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რათა გამოსავალი მოვნახოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ რიკერმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღებით მოისმინეს ფაქტები არჩევნების გაყალბებაზე და იმაზე, რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საუბნო და საოლქო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს გადაწერა ოქმების.

„ჩვენ ასევე გავაცანით ჩვენი მოსაზრებები, რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან, რაოდენ რთული არის ეკონომიკური, მდგომარეობა, რაოდენ რთული არის მდგომარეობა რეგიონში, მთელი მსოფლიო არის გაყინული და ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენ უკან დგას უამრავი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას“, – განაცხადა ვაშაძემ.