საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. მტკიცედ უნდა გავმიჯნოთ რუსეთის გამოწვევა, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოსი და ის, რომ მასთან, ამის მიუხედავად, საჭიროა დიალოგი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მან გააკეთა კომენტარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია, რადგან მეზობლებთან ყველა შემთხვევაში გვჭირდება ურთიერთობები“.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება კი არა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში არასდროს არანაირი სხვა პოზიცია არ გვქონია ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ ძალიან მტკიცედ უნდა გავმიჯნოთ რუსეთის გამოწვევა, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოსი და ის, რომ ამ სახელმწიფოსთან, ამის მიუხედავად, საჭირო არის დიალოგი.
არასდროს კონსტრუქციულ, რაიმე მიზნისთვის მიმართულ დიალოგზე არ უთქვამს უარი არც ერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში, არც სააკაშვილის და არც რომელიმე სხვას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.