როგორც უკვე საქინფორმი იტყობინებოდა, საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ბერნში 28-29 აპრილს შეიკრიბებიან.
მარტში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირველი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველო მსო-ზე მოლაპარაკებების „პოლიტიზებაში“ დაადანაშაულა, რადგანაც საქართველო სეპარატისტულ რეგიონებში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე თავისი მებაჟეების განთავსებას ითხოვდა. საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრების პირობების განხილვისას ის მხოლოდ სავაჭრო საკითხებს წამოჭრის, რაც საზღვარზე საქონლის გამჭვირვალე ბრუნვას უკავშირდება.ამასთან დაკავშირებით დიდ ინტერესს იწვევს თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადება იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, რუსეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო) დაკავშირებული დავის „შემოქმედებითი გადაწყვეტა“ გამოიძებნოს ისე, რომ სეპარატისტულ რეგიონებში სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამჭირვალობა იქნეს უზრუნველყოფილი იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე.
პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხების კურატორმა მაიკლ მაკფოლმა პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ შუამავალი არ არის, მან აქტიურად შეუწყო ხელი მსო-თან დაკავშირებულ საკითხებზე თბილისსა და მოსკოვს შორის კონტაქტებს. მან ისიც განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა „პირადად იყო ჩართული“ ამ საკითხში.
მაკფოლის თქმით, რუსეთის მსო-ში გაწევრება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის და აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, აშშ-ის საქონლის ექსპორტი რუსეთში შესაძლოა, გაორმაგდეს და 19 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს მას შემდეგ, რაც რუსეთი მსო-ს წევრი გახდება.
მაკფოლმა განაცხადა, რომ აშშ „ზეწოლას არ მოახდენს“ საქართველოზე რუსეთის მსო-ში გაწევრების პირობებთან დაკავშირებით; მისი თქმით, ვაშინგტონმა ეს „სავსებით ნათლად“ განუცხადა რუსეთს.
„ჩვენ, ასევე, ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას: ეს [მსო-ში გაწევრებაზე მოლაპარაკებები რუსეთთან] არ არის მექანიზმი იმისთვის, რომ რუსეთთან თქვენი პოლიტიკური საკითხები მოაგვაროთ. ეს ძალიან მკაფიოდ ავუხსენით მათ [საქართველოს ხელისუფლებას]“, – განაცხადა მან.
კითხვაზე – აპირებს თუ არა ვაშინგტონი, უბიძგოს საქართველოს რუსეთის მსო-ში გაწევრებას დათანხმდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე დააბრუნებს, მაკფოლმა ემბარგოს პრობლემას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და განაცხადა, რომ ეს საკითხი „საბოლოო ჯამში“ მოგვარდება. „მე ეს არ მაწუხებს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა საზღვართან დაკავშირებული „ფუნდამენტური საკითხი“. ეს „განსაკუთრებული სიტუაციაა“, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება, რადგან საქართველოს სურს, ჰქონდეს ინფორმაცია სეპარატისტულ რეგიონებში ტვირთების გადაადგილების შესახებ, მათ შორის, დანარჩენი საქართველოს მიმართულებით.
მან თავი შეიკავა, ეთქვა, იყო თუ არა ეს, მისი აზრით, მსო-თან დაკავშირებული საკითხი, თუმცა განაცხადა, რომ „ეს ეკონომიკური საკითხია“.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის შემოქმედებითი გადაწყვეტა შესაძლებელია – მებაჟეების განთავსების გარეშე [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან საზღვარზე]... ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს გზა იმისათვის, რომ გაიზარდოს გამჭვირვალობა და ინფორმაციის გაცვლა იმის შესახებ, თუ რა [ტვირთები] გადაადგილდება საზღვარზე, – განაცხადა მაკფოლმა. – სხვათაშორის, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი გამჭვირვალობას ემხრობიან; მათ გამჭვირვალობის გაზრდა სურთ“.
მოლაპარაკებების ჯერ კიდევ მიმდინარეობის მოტივით, მან თავი შეიკავა, „შემოქმედებითი გადაწყვეტის“ დეტალებზე ესაუბრა.
თბილისში გამოითქვა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა მხარემ მოსკოვს „კომპრომისული წინადადება“ უნდა შესთავაზოს, რაც ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსებას გულისხმობს რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე. ამგვარი მოდელი მოლდოვასა და უკრაინაში გამოიყენება ევროკავშირის სასაზღვრო მისიის ფარგლებში. თუმცა მარტში რუსული გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის საგარეო უწყების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ეს წინადადება არ იყო რეალისტური.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა 18 აპრილს, რომ აშშ არასდროს მოახდენს რაიმე ზეწოლას საქართველოზე რუსეთის მსო-ში გაწევრების დაჩქარების მიზნით.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ როგორც აშშ-ის, ისე მთელი რიგი დასავლეთის სახელმწიფოების ინტერესებშია რუსეთის გაწევრება მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, თუმცა ჩვენს პარტნიორებს ესმით [რუსეთის მიმართ] ჩვენი პრეტენზიების საფუძვლიანობა“, – განაცხადა მან.
„გაწევრების საკითხი არ წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს დაინტერესებაშია, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებულად წარიმართოს და რუსეთმა შეძლოს გაწევრება, თუმცა იცით თქვენ, რომ ჩვენ რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს, რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობს სავაჭრო ორგანიზაციის წესდებიდან და არავითარ შემთხვევაში არ ატარებს ეს რაიმე სახით პოლიტიკურ ხასიათს“, – დასძინა კალანდაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მარტში განაცხადა, რომ თუ საქართველო კვლავაც განაგრძობდა „პოლიტიზებული“ მოთხოვნების წამოყენებას, მოსკოვი „სხვა გზით“ შეეცდებოდა მსო-ში გაწევრების საკითხის მოგვარებას. კერძოდ, მას მხედველობაში ჰქონდა მსო-ში გაწევრება კენჭისყრის პროცედურით, კონსენსუსის წესის ნაცვლად. თუმცა მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა, რომ აშშ ამგვარ მიდგომას მხარს არ უჭერს, ვინაიდან ეს დავას ვერ მოაგვარებს.