პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ამომრჩევლებს მიმართავს, 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მონაწილეობენ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

„ზოგიერთ ადამიანს, ამ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება, თუმცა ეს რა თქმა უნდა, მართალი არ არის. ამიტომ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის შაბათს, 21 ნოემბერს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – მთაწმინდა-კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, ნაძალადევის, გლდანის, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის, მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის, რუსთავის და გარდაბნის რამდენიმე სოფლის, ხაშური-ქარელის, ზესტაფონი-ტყიბული-თერჯოლა-ბაღდათის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს საარჩევნო ოლქებში“,- განაცხადა მდინარაძემ.

​მისივე თქმით, ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატის სახელი და გვარი, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა, მოქმედი კანონმდებლობით არის შეუძლებელი.

„შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ ვუხდით უღრმეს მადლობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში, ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო და შაბათს, 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს. დარწმუნებული ვართ, რომ გამარჯვება იქნება გარდაუვალი, ჩვენი კანდიდატების, რადგან განწყობა საზოგადოების ასეთია“,- აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აცხადებს, „ოპოზიცია მაინც მუშაობს თავისი აგიტატორების მეშვეობით ველზე, როგორც ამას პარტიული სუბიექტები ეძახიან“.

„ასევე მინდა ორ საკითხს შევეხო ძალიან მოკლედ – პირველი, მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა, ოპოზიცია მაინც მუშაობს თავისი აგიტატორების მეშვეობით ველზე, როგორც ამას პარტიული სუბიექტები ეძახიან. ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც. ორგან დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, მათი აგიტატორების რაოდენობას. ასე რომ, მათი განცხადებები აცდენილია მათი მოქმედებებიდან. ასევე მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო, რომ უდიდესი ნაწილი მათი კანდიდატებისა, რომლებიც არიან მაჟორიტარები, უკვე მათი საარჩევნო სიის, პროპორციული სიის შედეგების მიხედვით არის პარლამენტის დეპუტატი, მათ მოპოვებული აქვთ მანდატი, რაც არ ხდება ჩვენს შემთხვევაში, რადგან გამსვლელ სიაში ჩვენი მაჟორიტარობის არც ერთი კანდიდატი შეყვანილი არ ყოფილა, მათ მანდატი არ აქვთ და იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ დღევანდელი შედეგებით და მდგომარეობით აქვს 73 მანდატი მოპოვებული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერა“,- აცხადებს მდინარაძე.

ამასთან, მდინარაძის თქმით, სირცხვილის კორიდორთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები.

„ასევე არ შემიძლია, არ შევეხო ე.წ. სირცხვილის კორიდორს, რომელთან დაკავშირებითაც პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები გუშინდელი დღის განმავლობაში. ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას გაემიჯნა უკვე რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ეს არის განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ხალხის მიმართ. მათ გაბედეს, მართალია რამდენიმე მათგანმა, მაგრამ გაბედეს, რომ დაეანონსებინათ სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ზემოქმედების ამ სახის, ამ მეთოდის დაანონსება საარჩევნო დღისთვის, მეორე ტურისთვის, რაც წარმოუდგენელია. არავის ეგონა, რომ 2020 წელს შეიძლებოდა მსგავსის გაკეთება რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან განხორციელებულიყო“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.