კომპანია „APM Terminals“-მა განაცხადა, რომ ფოთის პორტის აქციების 80 პროცენტი შეიძინა რას ელ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდისგან (RAKIA – Ras Al Khaimah Investment Authority).
გარიგება, რომლის ღირებულებაც არ გამოცხადებულა, ნაწილია „APM Terminals“-ის სტრატეგიისა, რომლის მიზანი სწრაფად მზარდ ბაზრებზე ინვესტირებაა.
„APM Terminals“-ის ვიცე-პრეზიდენტმა პედერ სონდერგაარდმა განაცხადა, რომ კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს პორტის ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოებისათვის.„APM Terminals“ პორტის მართვას RAKIA-სთან ერთად დაფუძნებული ერთობლივი საწარმოს მეშვეობით განახორციელებს. RAKIA-მ პორტის აქციების 20 პროცენტი შეინარჩუნა და განაგრძობს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მართვასაც.
„APM Terminals“, რომლის სათავო ოფისი ჰააგაშია განთავსებული, დანიური კონგლომერატის „A.P. Moller-Maersk Group“-ის შვილობილი კომპანიაა.
„ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, რეგიონის იმპორტიორები და ექსპორტიორები მაღალი ხარისხის საპორტო ინფრასტრუქტურას მოითხოვენ და, ბუნებრივია, ეს ის ბაზარია, რომლის მიმართ ჩვენ დიდი დაინტერესება გვაქვს“, – განაცხადა სონდერგაარდმა.
RAKIA-მ ფოთის პორტის საკონტროლო პაკეტი 2008 წლის აპრილში შეიძინა 90 მილიონ აშშ დოლარად და ფოთში 300 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება დაიწყო. მოგვიანებით, იმავე წელს, RAKIA-მ 65 მილიონ აშშ დოლარად სახელმწიფოსგან ფოთის პორტის დარჩენილი 49 პროცენტი აქციებიც შეიძინა.