საზოგადოება
ქართული ოპოზიცია: "შეთანხმება და არა – გაერთიანება!"

gachech_guncadzeგუშინ, 19 აპრილს, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ არასამთავრობო საზოგადოებრივ სექტორთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრების ორგანიზატორია მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“, მიზანი – ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და გადარჩენისთვის გზების ძიება. ამ მიზნით შეხვედრები იმართება როგორც რადიკალური – ქუჩის აქციების, ისე არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის გზით მომხრე „რვიანის“ პოლიტიკურ პარტიებთან. გუშინდელ შეხვედრას „ქართული პარტიის“ ლიდერები – ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე, ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივ სექტორს შორის საუბარი ტელეკამერების მიღმა ჩატარდა. ეს პრესისგან არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და „ჭორების“ თავიდან აცილების მიზნით ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა იყო, რასაც დამსწრე საზოგადოებაც დაეთანხმა. ჟურნალისტების კონკრეტულ შეკითხვებს პასუხები პოლიტიკოსებმა გარეთ გასცეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ხელისუფლების შეცვლის ორივე გზის დადებითი და უარყოფითი მხარეები. „რვიანის“ მომხრე ორგანიზაციების პოზიციით, საზოგადოება ამ მოლაპარაკების დასრულებას და მის შედეგებს უნდა დაელოდოს. ისინი თვლიან, რომ ეს პროცესების გათიშვასა და პოლიტიკური ძალების დაქსაქსვას აგვაცილებს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება დაპირისპირებასა და რევოლუციურ ქმედებებს მშვიდობიან გზას ამჯობინებს. რევოლუციურად მოსული „ნაციონალების“ შემდეგ ხალხმა მწარე გამოცდილება მიიღო. გავრცელებული ხმები დასავლეთიდან „რვიანისთვის“ 60 მილიონის გამოყოფის თაობაზე საზოგადოებაში მასში შემავალი პარტიების მიმართაც უნდობლობას იწვევს – ხალხი აღარავის ენდობა. დეკემბრიდან მაისამდე გაგრძელებული მოლაპარაკებებიც სააკაშვილის სასარგებლოდ დროის გაწელვის პროცესად აღიქმება. სახალხო მოძრაობის – საქართველოს გადარჩენისათვის“ – ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაია ამაშუკელმა დასვა საკითხი: რომ შესაძლოა, მოხდეს რაიმე ისეთი ფაქტი, რის გამოც საზოგადოება სპონტანურად გამოვარდეს ქუჩაში. ხალხი ვალდებული არ არის, ელოდოს „რვიანის“ დასავლეთსა და ხელისუფლებას შორის მორიგება-გარიგების დასრულების პროცესებს. ყველა ხვდება, რომ გათვლას ამერიკა იმავე იდეოლოგიურ ძალაზე გააკეთებს. ოპოზიციონერთა მორიგი დაფინანსება კი გაჭირვებული საზოგადოების მდგომარეობისთვის არაფრისმომტანია. ამას ისევ „პოლიტიკური სპექტაკლის“ სუნი უდის.

მკვეთრი პოზიციით გამოვიდნენ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე და ბევრი სხვა. შეინიშნებოდა უკმაყოფილებისა და პოლიტიკოსთა მიმართ უნდობლობის დიდი მუხტი. შეკრებილი საზოგადოების ძირითადი განწყობა იყო ის, რომ დრო მიდის და პროცესი იწელება. საბოლოოდ გადაწყდა – მოხდეს ორივე ფრთას შორის მოქმედებებზე შეთანხმება და არა – გაერთიანება.