საზოგადოება
მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ცესკო-ში გამართული სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა.

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ სხდომა და ცესკო-ს შენობასთან განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.

„დიდი მადლობა მაღალი ინტერესისთვის. ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ცესკო-მ მოუსმინა ყველა სუბიექტს, მათ შორის ერთ-ერთს არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან დაკავშირებით და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის პროცედურების სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა არამარტო საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, არამედ გარკვეულწილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, საარჩევნო ადმინისტრაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს და ამას განახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის სხდომაზე დანიშნა მეორე ტურები და ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, ამა წლის 21 ნოემბერს“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ჩატარდება.

ცესკო-ს სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ 22 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, პირველი საკითხი საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საია-ს საჩივრებს ეხებოდა. ცესკო-მ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა ასევე შეაჯამეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები. დღის წესრიგით შეჯამდა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებიც, ასევე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგები.