საზოგადოება
გიორგი გახარია - არსებული პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელი სხდომა არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებით დაიწყო. მისი განცხადებით, პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა იპოვონ, რაც საქართველოს მოქალაქეების, მოსახლეობის დავალებაა.

პრემიერის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. ამასთან, გახარიას თქმით, დესტრუქციულ ნაბიჯებს მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება.

დღეს უნდა დავიწყოთ არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედებებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი ქვეყანაზე და ქვეყნის მომავალზე.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ, გააკეთა მაშინ, როდესაც რეგიონში მძვინვარებდა ფართომასშტაბიანი ომი, მაშინ, როდესაც გლობალური პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, ეკონომიკური კრიზისი მძიმდება, ეს ყველაფერი იყო პირდაპირ გამიჯნული მესიჯი თითოეული ჩვენი პოლიტიკოსის და პოლიტიკური ძალისთვის, რომ ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად იპოვეთ კრიზისებიდან გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ეპოქაში.

სწორედ ეს არის ის ძირითადი პასუხისმგებლობა, რომლითაც თითოეული პოლიტიკური ძალა, 9 პოლიტიკური ძალა საქართველოს მოქალაქემ აღჭურვა პასუხისგებლობის მანდატით. ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე უფრო დღეს გვჭირდება მდგრადი პოლიტიკური პროცესი, რათა საქართველოს ამბიციური გეგმა, ევროპული გეგმა განვახორციელოთ და გავაგრძელოთ ამ გეგმის შესრულება“, – განაცხადა გახარიამ.