საზოგადოება
ირაკლი ალასანია: „დასავლელი პარტნიორები ყურში ჩურჩულის პოლიტიკიდან ღია განცხადებებზე გადავიდნენ“

alasaაღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ნატოს მინისტერიალზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.

არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ „ქართველი ხალხის ერთსულოვნებითა და საერთაშორისო მხარდაჭერით საქართველოში საარჩევნო კოდექსი შეიცვლება და თავისუფალ არჩევნებში მისი გუნდი ხელისუფლების დამარცხებას შეძლებს“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბერლინში საქართველო-ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს დასავლეთისაკენ მისწრაფებას მხარდაჭერა აღუთქვა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, ამავე დროს, აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დემოკრატიული კურსი უნდა უზრუნველყოს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, განსაკუთრებით, საარჩევნო კანონმდებლობის სფეროში რეფორმების განხორციელებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სრულყოფილი და დემოკრატიული გადაცემა მომდევნო 2012 და 2013 წლების არჩევნებში“, – დასძინა კლინტონმა.