საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინმა ბჟანიას უთხრა, რომ „რუსეთი აფხაზეთის ნომერ პირველი პარტნიორია, რადგან რესპუბლიკის ეკონომიკური ბრუნვის 70 პროცენტზე მეტი სწორედ რუსეთთან აქვს“.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა რეგიონის ე.წ. ლიდერს განუცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში რუსი ექიმების მხრიდან აფხაზეთისთვის გაწეული დახმარება არსებითია, რადგან ერთობლივი მუშაობა გუდაუთის წითელ ზონაში გრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს პანდემიის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებები აფხაზეთის ინტერესებს სრულად შეესაბამება. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში მიიწვია.