საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზადაა, სომეხი სამხედროები მოამზადოს

bachoსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მიმდინარე წლის 18 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სომეხ კოლეგა სეირან ოჰანიანსა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდა. გაიმართა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრაც.

„შეხვედრის ძირითადი თემები თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა და სამხედრო განათლება იყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ოპერაციებში ათწლიანი გამოცდილების სომხეთის არმიის წარმომადგენლებისთვის გაზიარება შესთავაზა; გააცნო საქართველოში რეგიონული საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების გეგმა. ცენტრში საერთაშორისო ოპერაციებში გაიწვრთნებიან საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთის, კავკასიის, შავი ზღვის რეგიონისა და შუა აზიის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, ქვედანაყოფები (ბატალიონების დონეზე)“, – განმარტავენ ახალაიას უწყებაში.

ამასთან, მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, სომეხი სამხედროები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მოამზადონ, რომელსაც ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ სწავლებისა და განათლების ცენტრის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ქართულ დელეგაციას ვაზგენ სარქისიანის სახელობის ინსტიტუტი დაათვალიერებინა და სამხედროების განათლების სისტემა და საცხოვრებელი პირობები გააცნო.