საზოგადოება
საქართველოში მიტინგების ტალღის მოლოდინში საკონსტიტუციო სასამართლომ მათი ჩატარების წესები დააზუსტა

constitution_court18 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობასთან დაკავშირებული სარჩელი, კერძოდ, სამი საკანონმდებლო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო, ხოლო სადავო ნორმების უმეტესობა კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე სარჩელებით მიმართეს პარტიებმა – „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და კონსერვატორებმა; ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ; სახალხო დამცველმა და მოქალაქეებმა: დაჩი ცაგურიამ და ჯაბა ჯიშკარიანმა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2009 წლის ივლისში, გაზაფხულის ოპოზიციური საპროტესტო აქციების მიწურულს, მიიღო გადაწყვეტილება მიტინგების საკანონმდებლო წესების გამკაცრების თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც ზოგიერთი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის, სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, ვინაიდან ამგვარი შეზღუდვა „რიგ შემთხვევაში“ შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვას „პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის“.

„ამავე დროს, სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან როდესაც შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესრელიზში.

სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო, ასევე, ის ნორმა, რომელიც ქუჩის გადაკეტვის ან კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს „უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეკრება (მანიფესტაცია) კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში მოიყვანონ, ხოლო შეკრების შეწყვეტა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს“.

კიდევ ერთი ნორმა, რომელიც სასამართლომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, არის ის წესი, რომელიც არ აძლევდა საქართველოს მოქალაქეს, როგორც კერძო პირს, უფლებას, ყოფილიყო შეკრებისა და მანიფესტაციის ინიციატორი – ასეთი უფლება მხოლოდ საინიციატივო ჯგუფს ჰქონდა, ხოლო „მოქალაქეობის არმქონე პირს უფლებას, გაეწია აქციის ორგანიზება და ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი“.

არაკონსტიტუციურ ნორმებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს.

სასამართლომ კონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც კრძალავს ტრანსპორტის სავალი ნაწილის თვითნებურ გადაკეტვას, მათ შორის, სხვადასხვა კონსტრუქციით, საგნებითა და ავტომობილებით, თუ მსგავსი საჭიროება შეკრებაში მონაწილეთა რაოდენობით არ არის გამოწვეული; ასევე, დასახლებულ პუნქტებში ავტომანქანებით ისეთ ჯგუფურ მოძრაობას, რა დროსაც, გამიზნულად, სრულად ხდება გზის სავალი ნაწილის დაკავება, მისი ბლოკირება; ასევე, „კონსტიტუციურია“ ნორმა, რომელიც კრძალავს სხვადასხვა სახის ნახატისა და წარწერის შესრულებას ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე.

სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია, ასევე, ის ნორმა, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ მოწოდებებს კრძალავს. „შეკრება შეიძლება შეწყდეს, როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებები მასობრივ ხასიათს ატარებს“, – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, ასევე, მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის აკრძალვა, რაც „ემსახურება მოსამართლის (სასამართლოს) დამოუკიდებლობისა და მოსამართლის პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფას“.

სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებსაც.

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც „პოზიტიურ, წინგადადგმულ ნაბიჯს“, თუმცა განაცხადა, რომ „უმჯობესი იქნებოდა, სარჩელის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო“. მისი თქმით, სადავო საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტთან ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის მიზნით.