საზოგადოება
ცესკომ გადათვლილ ხმებთან დაკავშირებით ანგარიში წარმოადგინა

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დღეისთვის გადათვლილია 39 საარჩევნო უბნის შედეგები, უმეტეს შემთხვევაში მონაცემები უცვლელი დარჩა, ზოგ შემთხვევაში კი დაზუსტდა, რაც საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებში უკვე აისახა.

31 ოქტომბრის არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში 2 ათასამდე საჩივარი შევიდა: 1272 საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა, 564 კი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს.

კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

ცესკოში აღნიშნავენ, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126 სამართლებრივი შეუსაბამობის გამო განუხილველი დარჩა.

მაგალითად, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას პარტიის სახელით საჩივრის წარდგენაზე არაუფლებამოსილი პირი ითხოვდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ამგვარი მოთხოვნებით საჩივრები წარადგინეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა, მაშინ, როცა მათ არ გააჩნდათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სახელით საჩივრის შეტანის უფლებამოსილება“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

ხმების გადათვლის პროცესი ჯამში შეეხო 24500-მდე ამომრჩეველს და შესაბამისი რაოდენობის ხმებს.

დღეისათვის საჩივრების ნაწილი სააპელაციო სასამართლოში იხილება და ცესკო განახლებულ ინფორმაციას მას შემდეგ წარმოადგენს, რაც სასამართლო გადაწყვეტილება ცესკოსთვის ცნობილი გახდება.

საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა შეძლო – მან პარლამენტში 150-დან 76 ადგილი მოიპოვა.

პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით უარი განაცხადეს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატზე. თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.