სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე
მიმდინარე წლის 15 აპრილს ქსანში მდებარე სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენებს – რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკიელს შეხვდა.
როგორც საქინფორმს ბიზნესმენების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, პატრიარქთან შეხვედრის დეტალები მას გუშინ თავად მსჯავრდებულებმა უამბეს.„შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით გაიმართა. ილია მეორემ გამოთქვა რწმენა, რომ ებრაელი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გაგრძელდება. პატრიარქმა ფუქსსა და ფრენკიელს მალე გათავისუფლება უსურვა და მათ საჩუქრებიც გადასცა – თითო ქილა თაფლი, სანთლები, სამაჯურები, ანსამბლ „რუსთავის“ სიმღერების დისკები და ფულადი თანხა. პატიმრებს ფული მათთვის განკუთვნილ სპეციალურ პლასტიკურ ბარათებზე დაერიცხათ“, – განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, მსჯავრდებულები პატრიარქთან შეხვედრით აღფრთოვანებასა და ემოციებს ვერ ფარავდნენ.
ამასთან, ადვოკატი კბილაშვილი დაკავებულებთან დაკავშირებით გარკვეულ სიახლეებსაც ახმიანებს. მისი განმარტებით, ფუქსისა და ფრენკიელის შვილები პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნას შეიტანენ. „შეწყალების არგუმენტად პატიმრების ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობაა დასახელებული. ბრალდებას კი ისინი არ აღიარებენ“, – დასძინა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა რონი ფუქსს 7-წლიანი, ხოლო ზეევ ფრენკიელს 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალად სახელმწიფო მოხელისათვის ქრთამის შეთავაზება დაედოთ.