საზოგადოება
სააკაშვილს მიაჩნია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა

agvisto-saaka2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის პროცესი უფრო ჩქარი ტემპებით განვითარდა, რაც იმის საწინდარია, რომ ქვეყანა „შეუქცევადად მოახერხებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას“, – ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი.

„2008 წლის აგვისტოში საქართველომ აწარმოა ცხელი ფაზა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ომის. ჩვენ დაგვესხნენ თავს და მას შემდეგ, რაც ეს დიდი ომი მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი წავიდა ბევრად უფრო ჩქარა და ბევრად უფრო შეუქცევადად“, – განაცხადა მან 18 აპრილს.

„ჩვენმა მტერმა მიიღო სრულიად საწინააღმდეგო შედეგი, რაც მას სურდა. მან დაიწყო ეს ომი იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მოეღო ბოლო“, – აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაიპყრო „ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი“, სააკაშვილის თქმით, მან სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით „საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ ტერიტორიების ოდესმე დამოუკიდებლობის იდეას“.

„რეალურად ის, რაც მან გააკეთა, ამ დაპყრობილ ტერიტორიაზე ცდილობს საბჭოთა კავშირის რეანიმაციას, მაგრამ საბოლოოდ დაკარგა შანსი საქართველოში საბჭოთა კავშირის რეანიმაციის... რომ როდესმე საქართველო დაბრუნდება იმპერიის წიაღში“, – განაცხადა მან.

„საქართველო, რომელიც განიმტკიცებს თავის დამოუკიდებლობას, რა თქმა უნდა, შეუქცევადად მოახერხებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. ეს არის ჩვენი მოწოდება და ამაში ჩვენ მხარს გვიჭერს დანარჩენი მსოფლიო“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო დგას „ცივილიზაციურ განვითარებაზე და უპირატესობაზე“ მაშინ, როცა რუსეთი „სულ უფრო ჩაეშვება“, რადგან „ისინი დგანან სამხედრო ძალაზე, ძველ თავის ტანკებზე და თვითმფრინავებზე და დგანან ნავთობის მაღალ ფასზე, თვითონაც ამას აღიარებენ“.

სააკაშვილმა ეს განცხადებები ბორჯომის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგებთან სატელევიზიო შეხვედრაზე გააკეთა, როცა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების „მთავარი ქვაკუთხედი“ არის განათლების სისტემა, რომელიც „მთლიანად ახალ მენტალიტეტს“ შექმნის და „მოარგებს ადამიანებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს“.

„ჩვენ ვქმნით ახალ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ქართული სახელმწიფოებრიობის ახალ, აქამდე არარსებულ იდენტურობას,“ – განუცხადა მან პედაგოგებს და მაგალითად სინგაპური მოიყვანა, რომელმაც, მისი თქმით, „მოახერხა და შექმნა ახალი სახელმწიფოებრივი ერთობა“, სადაც „არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნები“.

თუმცა სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ სინგაპურის პოლიტიკური მოდელი საქართველოს არ „მოერგება“, რადგან „ჩვენი ხალხი ვერ ითმენს ქედმაღლობას მმართველების მხრიდან, სულით არის თავისუფალი და ჩვენი ხალხი ვერც გაწკეპვლას ვერ მოითმენს, როგორც ეს სინგაპურშია“.

მისი თქმით, დღეს ბრძოლა მიდის პროგრესის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის. „ჩვენ რაღაცას ახალს ვთავაზობთ საზოგადოებას და ვნერგავთ და ნაწილი პოლიტიკური ოპოზიციის ყვირის, რომ „ეს ყველაფერი არ გვინდა“, – განაცხადა მან და მაგალითად ჰიბრიდული ჯიშის სიმინდთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივის მიმართ ოპონენტების კრიტიკა მოიყვანა.