პოლიტიკა
გიგა ბოკერია: „საქართველო მზად არის, ნებისმიერ საკითხში იყოს შეერთებული შტატების პარტნიორი“

bokeriaაშშ-ის რესპუბლიკელი სენატორების ოთხწევრიანი დელეგაცია, რომელსაც რანგით მეორე რესპუბლიკელი ჯონ კაელი ხელმძღვანელობს, 18 აპრილს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა.

დელეგაციაში შედიან მაიკ კრაპო, რონ ჯონსონი და ჯეფ სეშიონსი, რომლებიც ხუთ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ტურნეს ფარგლებში ესტუმრნენ თბილისს. როგორც საქინფორმმა მკითხველს უკვე აცნობა, ვიზიტის მთავარი მიზანია, სენატორები გაეცნონ, თუ როგორ იმოქმედა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან წამოწყებულმა „გადატვირთვის პოლიტიკამ“ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებაზე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ სენატორმა კაელმა განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის მხარდაჭერის დემონსტრირება და დადგენა იმისა, თუ როგორ შეიძლება „მნიშვნელოვან რეგიონში მდებარე ქვეყნისთვის“ დახმარების უკეთესად აღმოჩენა.

კითხვაზე – განხილულ იქნა თუ არა საქართველოს ოფიციალურ პირებთან რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორის მოწოდება – საქართველო ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შემადგენელი რადარის განთავსების ალტერნატიულ ადგილად განეხილათ, სენატორმა კაელმა უპასუხა, რომ ეს საკითხი „მოკლედ“ მიმოიხილეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეალურ პარტნიორად განიხილავს და ამგვარი პარტნიორობა გვსურს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში... ამიტომაც, დიახ, ის განვიხილეთ“, – განაცხადა მან.

თებერვალში აშშ-ის თავდაცვის მდივან რობერტ გეიტსისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილში ჯონ კაელმა და კიდევ სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადეს, რომ „საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იდეალური ადგილი იქნებოდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის განთავსებისთვის“.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, „ნებისმიერ საკითხში, რომელიც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში გააძლიერებს, იყოს შეერთებული შტატების პარტნიორი“.

„ეს ეხება მთელ რიგ საკითხებს და ამ საკითხებზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ამაზე უფრო მეტს საქართველოს ხელისუფლება ვერ იტყვის, რადგან, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ საერთო ჯამში დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიც არის ავღანეთი, და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ყველა მიმართულებით ჩვენს მთავარ პარტნიორთან – შეერთებულ შტატებთან ერთად უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა გაღრმავდეს“, – განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.