საზოგადოება
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 31 ოქტომბრის არჩევნებზე

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ატილა მეშტერჰაზიმ 6 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა „კამპანიისა და არჩევნების დღეს საარჩევნო კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ“ არსებული ინფორმაციის გამო.

მან აღნიშნა, რომ ამ ხარვეზებმა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე გავლენა მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას სავარაუდო დარღვევების „მკაცრად, გამჭირვალედ და სამართლიანად“ გამოძიებისკენ მოუწოდა.

იგი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებსაც გამოეხმაურა, რომელთაც არჩევნებს კონკურენტული უწოდეს და აღნიშნეს, რომ ფუნდამენტური თავისუფლებები კამპანიისა და არჩევნების დღეს დაცული იყო.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ, რომ ამომრჩეველთა დაშინებისა და სხვა ნეგატიური პრაქტიკა, რომელთაც პირველი ტურის დროს ჰქონდა ადგილი, 21 ნოემბრის მეორე ტურების დროს აღარ განმეორდეს.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს პასუხისმგებლობითა და თავშეკავებულად მოიქცეს მომდევნო კვირებში. ასევე მოვუწოდებ მათ, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ დიალოგი, რათა ყველა უთანხმოება მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოაგვარონ“, – დასძინა მანვე.