საზოგადოება
კახა კალაძე - მონაცემების გადათვლა ადასტურებს, რომ ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ ფარსია

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

კალაძის თქმით, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მისცემენ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას.

გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესებს. როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების საფუძველზე განხორციელდა 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა.

პროცედურა წარიმართა საარჩევნო კოდექსის ნორმების სრული დაცვით. მას ესწრებოდნენ შესაბამისი კომისიების წევრები, მათ შორის ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, პარტიების წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები.

11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.

სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე. როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე შენობებში რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას, მოითხოვდნენ, თითქოსდა, პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად ამ პარტიების წარმომადგენლები, მათი უფლებამოსილი პირები შიგნით, საოლქო კომისიებში ისხდნენ და მონაწილეობდნენ გადათვლის პროცესში.

აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების შედეგების ამგვარი დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში. პირიქით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ.

ასეთ ვითარებაში, აშკარაა, რომ მათ მიერ უბნების გადათვლა მხოლოდ არეულობის შექმნის საბაბად გამოიყენება, რასაც ჩვენ წინასწარ ვვარაუდობდით კიდეც და ბევრი ბრიფინგიც გავმართეთ ამის შესახებ.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, არავის და მითუმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.

მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი ამ დღეების განმავლობაში იჩენენ.

ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.