საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაწყებამდე, ოპოზიციური პარტიები კვირას, დღის მერე ნახევარში, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და სამომავლო სამოქმედო ნაბიჯები განიხილეს.
გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის პარტიაც ხმების 8%-ით, თბილისში, პროპორციულ ნაწილში მესამე ადგილზე გავიდა, დაადასტურა, რომ ჯერჯერობით პარლამენტში შესვლაზე უარის თაობაზე არცერთ პარტიას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მათ შორის, ვნახულობთ და ვეცნობით იმ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები და ამის ფონზე მივიღებთ საერთო ჯამში საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.
ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიებისა და მათი წევრების უმეტესობამ პარლამენტში არშესვლაზე მზადყოფნა გამოხატა, თუმცა პარტიების ლიდერებმა ერთი დღით მოცდისა და საკუთარი პარტიის წევრებთან კონსულტაციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ყველაფერი არჩევნების გარდა“, – განაცხადა უგულავამ და დასძინა – „ევროპული საქართველო არ ვცნობთ ამ არჩევნების უფლებამოსილებას“.
„მკაფიოა, რა დონის ტოტალური გაყალბება იყო მთელ ქვეყანაში“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ, რომელიც ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას პარტიულ სიაშია. მისივე თქმით, ისინი საკითხის საერთაშორისო პარტნიორებთან განხილვას განაგრძობენ.
იმ დღესვე საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის, ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიებმა წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნეს, სადაც საარჩევნო პროცესის მთელი რიგი ასპექტები გააკრიტიკეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ მიუხედავად ამისა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
„ძალიან დიდ პატივს ვცემთ საერთაშორისო მისიებს… თუმცა, ყველაზე მეტად საკუთარ თვალებს ვენდობით“, – განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. მანვე ცესკო ქართული ოცნების სასარგებლოდ შედეგების მანიპულაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა – „ამის წამალი არის რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ“.
ცალკე გამართულ პრესკონფერენციაზე ლელო საქართველოსთვის ლიდერებმა, განაცხადეს, რომ პარტია არ ცნობს „გაყალბებულ“ შედეგებს და ერთადერთ გზად მათაც რიგგარეშე არჩევნები დაასახელეს.
ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა პატრიოტთა ალიანსმაც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ისინი შედეგებს არ ცნობენ და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.