სამართალი
გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთთან ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
სოფლის საძოვრებთან შეკრებილი ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მიწის ინდოელ მეპატრონეს ტერიტორიის დამუშავების საშუალებას არ მისცემენ. მათივე მტკიცებით, საძოვრები ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაასხვისა, გლეხებმა კი ეს ამბავი საძოვრებზე პირუტყვის გაშვებისას გაიგეს. შეხლა-შემოხლა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ტრაქტორების ტერიტორიაზე შესვლას შეეწინააღმდეგა. ინციდენტის დროს სოფლის მკვიდრი რომან ალაძე დააკავეს. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სამხარეო პოლიციის 50-მდე თანამშრომელი. პოლიცია მოსახლეობას გასხვისებულ საძოვრებთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა. აღნიშნული ტერიტორიების ახალი მეპატრონე კი, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, მიწებს ორი ტრაქტორით ამუშავებინებდა.მოსახლეობის ცნობით, გარდა საძოვრებისა (75 ჰა-მდე ტერიტორია), გაყიდულია 100 ჰა-მდე სარეზერვო მიწაც. ზეღდულეთში 400 კომლი ცხოვრობს.