სამართალი
სტამბულში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

arrested11შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად 30 წლის გოგა ჯღარკავა დააკავეს, რომელიც სტამბულში, სასტუმრო „ბაჰარში“  მომხდარ სასტუმროს მეპატრონე ნუსრით შაქარისა და მისი მეგობარი ქალის – როზა ისმაილოვას მკვლელობაშია ბრალდებული.

როგორც შსს იუწყება, აღნიშნულ საქმეზე არსებობს სამი მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ მკვლელობაში გოგა ჯღარკავას მონაწილეობას.

„გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ გოგა ჯღარკავა მკვლელობის პერიოდში ნამდვილად იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე და მკვლელობიდან მეორე დღეს გადმოკვეთა თურქეთ-საქართველოს საზღვარი. ასევე, გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული 2007 წელს გასამართლებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ-ის 126 მუხლით (სხეულის განზრახ დაზიანება) და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2010 წელს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მკვლელობა მიმდინარე წლის 13 აპრილს მოხდა თურქეთში. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო „ბაჰარის“ მფლობელს სასტუმროს ქართველ თანამშრომელთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით, მათ მკვლელობის დღესაც იკამათეს, რის შემდეგაც სასტუმროს მფლობელი და მისი საყვარელი რამდენიმე გასროლით მოკლეს.